25 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
ტერორისტული აქტი ლონდონში - თავდამსხმელი ტერაქტს 9 წლის წინაც გეგმავდა

ლონდონში ხიდზე მომხდარი ინციდენტისას მოკლული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი 28 წლის უსმან ხანი აღმოჩნდა. თავდასხმიდან მალევე სხვა ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი. 2010 წელს უსმან ხანი და ტერორიზმში ბრალდებული კიდევ 9 პირი ლონდონში ტერაქტების სერიას გეგმავდნენ. სწორედ ამიტომ ის 2012-2018 წლებში ციხეში მოხვდა. მან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლებული პირი ელექტროსამაჯურს ატარებს და მასზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. ახლა გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოახერხა ხანმა ამ ფონზე ტერაქტის ორგანიზება.

ბრიტანეთის პრემიერი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების წინააღმდეგ გამოდის.

"ჯერჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი ზუსტად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ ყველა შესაბამისი უწყება სათანადო გამოძიებას ჩაატარებს. ჩემი აზრით, შეცდომაა სერიოზულ კრიმინალებს ციხის ვადაზე ადრე დატოვების საშუალება მივცეთ. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მომხდარს გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინიც, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, პოლიციელებს კი მადლობა გადაუხადა.

"მომხდარის გამო შოკირებული ვარ. დაიღუპა ხალხი. ეს თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმაა. დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და ყველა დაგეგმილი ღონისძიება გავაუქმეთ. პოლიციასა და ყველა მოქალაქეს, რომელიც თავცდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა საჯარო მადლობას ვუხდი," - აღნიშნა კორბინმა.

ტერორისტული აქტის გამო ბრიტანეთის მთავრობამ ე.წ. კობრას ფორმატში საგანგებო შეხვედრა გამართა. გადაწყდა, რომ მომხდარი ინციდენტის გამო ლონდონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქუჩებში შეიარაღებული პოლიციელების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის ყველაფერი გაკეთდება:

"ახლახანს შევხვდი პრემიერს. პოლიციისა და მოქალაქეების დამსახურებით დამატებითი მსხვერპლის თავიდან არიდება შევძელით. გამოძიება გრძელდება. მიღებული ინფორმაციის შეჯამება და გაანალიზება ხდება. მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა პატელმა.

"სამწუხაროა, რომ ლონდონი კიდევ ერთი თავდასხმის სამიზნე გახდა. დაიღუპა ამ თავდასხმისას დაშავებული ორი ადამიანი. პოლიციამ პროფესიონალურად იმოქმედა და მადლობა ყველა შესაბამისს სამსახურს. მივმართავ მოსახლეობას, თუ ვინმეს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია აქვს, გამოძიებასთან ითანამშრომლონ," - ამბობს კომისარი კრესიდან დიკი.

ლონდონში თავდასხმა გუშინ ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. ლიკვიდირებული უსმან ხანი პატიმართა რეაბილიტაციის შესახებ კონფერენციას ესწრებოდა, რის შემდეგაც გამვლელებს ცივი იარაღით დაესხა თავს. ხანმა ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. მისი შეჩერება თავდაპირველად მოქალაქეებმა სცადეს, ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია. მათ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად უკვე მიანიჭეს. ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა ბოლოს 2017 წელს მოხდა.

დღის ამბები