კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი 120 ათას დოლარად იყიდება. როგორც CNN ვებსაიტ "არტნეტზე" დაყრდნობით წერს, ასეთივე ორი ნამუშევარი უკვე გაყიდულია - მათგან ბოლო 150 ათას აშშ დოლარად შეიძინეს.
ნამუშევარი, რომელიც მაურიზიო კატელანს ეკუთვნის, ხელოვნების მუზეუმში Art Basel Miami Beach მიმდინარე კვირას განათავსეს. წარმდგენი პარიზში მდებარე გალერეა "პეროტინია".
ნაშრომს სახელად "კომიკოსი" ჰქვია. საჭირო მასალა - 1 ცალი ბანანი და წებოვანი ლენტის პატარა ნაჭერი მაიამის სურსათის მაღაზიაშია ნაყიდი.
გალერეის დამფუძნებელმა, ემანუელ პეროტინიმ CNN-თან განაცხადა, რომ ბანანები "საერთაშორისო ვაჭრობის სიმბოლოა" და ავტორმა იუმორის გამოსახატ კლასიკურ საშუალებად გამოიყენა.
პოტენციურმა კლიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ მიიღებენ ინსტრუქციას, როგორ მოიქცნენ, როდესაც ბანანი ლპობას დაიწყებს.
გალერეის ოფიციალური განცხადების მიხედვით, იდეა კატელანს ერთი წლის წინ გაუჩნდა.
"ის ფიქრობდა, რომ შექმნიდა ბანანის ფორმის სკულპტურას. ყოველი მოგზაურობის დროს ყიდულობდა ბანანს და ინსპირაციისთვის ნომერში ჰკიდებდა. მან რამდენიმე მოდელი შექმნა და საბოლოოდ გადაწყვიტა, ნამუშევარი რეალური ბანანით შეექმნა," - აღნიშნულია განცხადებაში.