25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
მინსკში პუტინის სურათები დახიეს - ბელორუსები რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ ბელორუსისა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ 

მინსკში პუტინის სურათები დახიეს. ასობით ბელორუსი მოსკოვისგან დამოუკიდებლობას ითხოვს. ხალხი ქუჩაში რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების წინააღმდეგ გამოვიდა. მომიტინგეები ოქტომბრის მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობის სასახლისკენ მსვლელობა გამართეს.

"თავისუფლება ბელორუსს", "რუსეთთან ალიანსი ომი და სიღარიბეა" - ამ შეძახილებით მიდიოდნენ დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში. რესპუბლიკის სასახლესთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა, პოლიციამ დემონსტრანტები სასახლის შესასვლელთან არ მიუშვა. აქციის მონაწილეებს ხელში ბელორუსისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

"დიახ, მე მაწერია- არა რუსულ ოკუპაციას! მე ვიცი რუსეთის ასწლიანი ოკუპაციის შედეგები ბელორუსში, როდესაც განადგურდა ჩვენი კულტურა, ინტელიგენციის და საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. არ მინდა იგივე განმეორდეს," - აცხადებს აქციის მონაწილე.

1000-მდე ადამიანი მინსკის ქუჩაში მოკავშირე სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის ახალმა შეთანხმებამ გამოიყვანა. ლუკაშენკოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით ბელორუსი ფაქტობრივად რუსეთთან ერთიანდება. შეთანხმების ახალი პაკეტი სავაჭრო, საბაჟო და სასამართლო სისტემების გაერთიანებას გულისხმობს. მინსკსა და მოსკოვს შორის პარლამენტების გაერთიანებაზეც არის საუბარი.

"მიმზიდველი ეკონომიკური შეთავაზებების გამო თავისუფლება არ უნდა დაკარგო. ეკონომიკური ურთიერთობები ჯობია ევროპასთან დავამყაროთ. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ხალხმა აირჩიოს თუ ვისთან უნდა ინტეგრირება,"- აცხადებს აქციის მონაწილე.

ღრმა ინტეგრაციასა და რუსეთთან გაერთიანების პერსპექტივას უარყოფს ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო, ის დღეს პუტინთან შესახვედრად სოჭში გაემგზავრა. მანამდე კი პარლამენტს განუცხადა, რომ ახალ შეთანხმებას ხელს იქამდე არ მოაწერს, სანამ მოსკოვი ბელორუსის საქონელზე შეზღუდვებს არ მოხსნის.

"თუ ჩვენ ბაზარს გვიკეტავენ, მაშინ ეს საერთო ეკონომიკური სივრცე აღარ არის. მე არ მინდა ყველაფერს ხაზი გადავუსვა, რაც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად თქვენთან ერთად მიკეთებია. და რა.. ახლა უნდა დავმარხო, გადავაგდო ან გადავცე ვინმეს? ეს არასდროს მოხდება. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და რატომ უნდა გადავცე ეს სიმდიდრე ვინმეს?" - აცხადებს ლუკაშენკო.

ხვალ რუსეთ-ბელორუსის კავშირის 20 წლის იუბილეა. ლუკაშენკო ამ თარიღს მოსკოვში პუტინთან ერთად შეხვდება. ხვალვე გაირკვევა, მოხდება თუ არა ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის გაღრმავება. 

 

დღის ამბები