23 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
" ოცნება" იძულებული იქნება გადახედოს თავის ხისტ პოზიციას, გვიწევს თეთრზე ვამტკიცოთ, რომ თეთრია - დავით ბაქრაძე 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და პროტესტის ზეწოლის შედეგად, "ქართული ოცნება" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით პოზიციას დათმობს.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელი" კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და ამაზე ყველა კომპეტენტური პირი და ორგანიზაცია თანხმდება.

"ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ქუჩაში მიმდინარე პროტესტისა და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, მე დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" იძულებული იქნება გადახედოს თავის ძალიან ხისტ და დაუსაბუთებელ პოზიციას. ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე გვიწევს თეთრზე ვამტკიცოთ, რომ თეთრია, იმიტომ, რომ ყველა კომპეტენტურმა კონსტიტუციონალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში უკვე დააფიქსირა, რომ "გერმანული მოდელი" არანაირად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ მოლაპარაკების პროცესისთვის, გამოსავლის მოძებნისთვის მზად ვართ. ჩვენ ვთავაზობთ მათ გამოსავალსაც, ყველაფერი დანარჩენი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ. 

მოლაპარაკების პირველი რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები