24 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
საფრანგეთში ორ კვირაზე მეტია მასშტაბური გაფიცვა გრძელდება - პარიზი და სხვა დიდი ქალაქები პარალიზებულია

საფრანგეთში ორ კვირაზე მეტია, მასშტაბური გაფიცვა გრძელდება. დედაქალაქი პარიზი და სხვა დიდი ქალაქები ფაქტობრივად პარალიზებულია. მაკრონი პროფკავშირებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა. ემანუელ მაკრონი პროფკავშირებს მოუწოდებს, საშობაოდ მასშტაბური გაფიცვა შეწყვიტონ. საფრანგეთის პირველმა პირმა ამის შესახებ კოტ დივუარში ვიზიტისას ისაუბრა. მაკრონის განმარტებით, შობას ოჯახებთან ერთად შეხვედრის ტრადიცია სატრანსპორტო კოლაფსისი გამო არ უნდა დაირღვეს.

"გაფიცვა კონსტიტუციითაა დაცული, თუმცა ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც კარგია ზავის დადება ოჯახებისა და ოჯახური ცხოვრებს პატივსაცემად. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა. ყოველი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ზავი არ ნიშნავს მიღებას ან მიტოვებას, არამედ ეს არის მარტივად პასუხისმგებლობის გრძნობა და ფრანგი ხალხისადმი პატივისცემა, რომელსაც ამ სადღესასწაულო პერიოდში ოჯახებთან გაერთიანება სურს,"- აცხადებს მაკრონი.

საფრანგეთში საერთო ეროვნულმა გაფიცვამ, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული, სკოლების, საავადმყოფოების, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გაფიცვის გამო მთელ ქვეყანაში შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა, გაუქმდა მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა, პარიზის მეტრო კი ნაწილობრივ მუშაობს. შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოები არიან როგორც ადგილობრივები, ისე საფრანგეთში ჩასული ტურისტები.

შექნილი კრიზისის ფონზე ხელისუფლება პროფკავშირებთან მოლაპარაკებას ცდილობს, თუმცა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ემანუელ მაკრონის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში არსებული 40-ზე მეტი საპენსიო სისტემის ნაცვლად ერთი უნივერსალური სისტემა იქნება, რომელიც საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას და ზოგიერ სფეროში პენსიაზე ადრე გასვლის შესაძლებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში, მოქალაქე სრულფასოვან პენსიას ვერ მიიღებს. ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლა 2022 წლიდანაა დაგეგმილი. პროფკავშირების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი დაგეგმილ საპენსიო რეფორმას უკან არ გაიწვევს.

გაფიცვის პარალელურად, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციებიც გაიმართა. აქტივისტებმა გზების და ხიდების ბლოკირება მოახდინეს. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ასობით ადამიანი კი დააკავეს.

საფრანგეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. გაფიცვის გამო ვიზიტორებისთვის საფრანგეთის მთავარი სიმბოლო – ეიფელის კოშკიც კი დაიკეტა. კოშკის თანამშრომლები პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ.

დღის ამბები