18 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
შობა მსოფლიოში - ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება.

პილიგრიმები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ დღეს სწორედ იმ ქალაქში ჩადიან, სადაც, სახარების მიხედვით, იესო ქრისტე დაიბადა.

25 დეკემბერი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ბეთლემში მზის ამოსვლამ და ეკლესიის ზარებმა ათასობით მომლოცველს შობის დილის გათენება და წირვის დაწყება აუწყა. ბიბლიურ ქალაქში, სადაც იესო დაიბადა, ასობით პილიგრიმი ჩავიდა. დღესასწაული მათ მაცხოვრის შობის ტაძარში გაატარეს.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილს დღესასწაული უკვე მიულოცეს რომის პაპმა, დედოფალმა ელისაბედმა და სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირმა.

"უფალმა გაათბოს ჩვენი გაქვავებული გულები," - შობის დილას რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ამ სიტყვებით მიმართა. პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული საშობაო სიტყვა წარმოთქვა, მრევლი დალოცა და მშვიდობა უსურვა. 

"ადამიანების გულებში სიბნელეა, თუმცა, უფლის სინათლე საკმარისად დიდია და ის გულებს გაგინათებთ. ბნელა ადამიანების ოჯახურ თუ სოციალურ ურთიერთობებში, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ თუ ეკოლოგიურ კონფლიქტებში. თუმცა, უფლის ძალა დიდია. ღმერთი შეეწიოს ყველა იმ პატარას, რომელმაც ომი გადაიტანა," - აღნიშნა რომის პაპმა.

შობის დილას ეკლესიაში მისვლა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ტრადიციაა. ასევე, ტრადიციაა დღესასწაულის ერთად აღნიშვნა და საშობაო პუდინგის მომზადება. ბრიტანელებს კი შობას დედოფალი ყოველ წელს ტელეეთერით ულოცავს.

"2019 წელი დაბრკოლებებით სავსე იყო. გაერთიანებულ სამეფოში ეს წელი ბრექსიტის ქაოტურმა პროცესებმა მოიცვა, თუმცა ბევრი დადებითიც იყო. შესაძლოა, ჩვენ მიერ გასავლელი გზა არ იყოს სწორი, მაგრამ პატარა ნაბიჯებსაც შეუძლია მსოფლიოს ცვლილებები დაანახოს," - ასე მიმართა დედოფალმა ელისაბედმა მოსახლეობას.

ამერიკელთა უმრავლესობა შობას ოჯახებში აღნიშნავს. დღესასწაულს შტატების პრეზიდენტი ახლობლებთან ერთად თეთრი სახლის ნაცვლად ფლორიდაში საკუთარ აგარაკზე შეხვდა. შობის ღამეს დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ წვეულება გამართეს.

ხალხმრავლობა იყო ავსტრალიის სანაპიროზე, სადაც სანტა ტრადიციული მარხილის ნაცვლად ოკეანის ტალღებიდან სერფინგის დაფით გამოჩნდა. ავსტრალიელები შობას საცურაო კოსტიუმებში სანაპიროზე დადგმულ ნაძვის ხეებთან შეხვდნენ.

ჩინეთისთვის შობა ოფიციალური დღესასწაული არ არის, თუმცა პეკინში მას ყოველ წელს აღნიშნავენ. მშვიდობის ვაშლი დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა, ჩინელები მას სპეციალურ, ფერად ყუთებში ათავსებენ და ერთმანეთს ჩუქნიან.

მსოფლიოში შობის ღამეს პატარები კეთილ ბაბუას ელოდებიან, სჯერათ, რომ სანტა კლაუსი მათ სურვილებს აუსრულებს. ლაპლანდიელმა სანტამ წელს ბევრი წერილი მიიღო, შობის ღამეს ჩრდილოეთ პოლუსზე მარხილი გაამზადა და ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობაში საჩუქრების დასარიგებლად გაემგზავრა.

დღის ამბები