25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
ეკონომიკური 2019 წელი - რეფორმების ნაწილმა შედეგი გამოიღო, ნაწილმა კი არ იმუშავა და გადასახედია

როგორი იყო 2019 წელი საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით - საპენსიო რეფორმა, საბანკო რეგულაციები და ლარის კურსი, ტაქსების რეფორმა, შრომის კანონი, ტექდათვალიერება - ნაწილმა შედეგი გამოიღო, ნაწილმა კი არ იმუშავა და გადასახედია. როგორც წესი რეფორმები მტკივნეულია და ის აუცილებლად ურტყამს საზოგადოების რომელიმე ნაწილს.

ამ მოქალაქეების ნაწილი უკვე ერთი წელია, პენსიას იძულებით აგროვებს. საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი რეგულაცია იყო, რომლითაც მოსახლეობამ 2019 წელი დაიწყო და ამ დრომდე სრული ნდობა ისევ არ აქვს. საპენსიო ყულაბაში დასაქმებულების ნაწილის პირველი შენატანი - დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტი - იანვრის ხელფასიდანვე გადავიდა. პენსიის დაგროვების პროცესში 959 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. პროცესს 164 ათასი გამოეთიშა, აკუმულირებული თანხა კი უკვე ნახევრ მილიარდს აჭარბებს.

კიდევ ერთი რეფორმა, რომელმაც საწყის ეტაპზე უნდობლობა გამოიწვია, განსაკუთრებით მძღოლებში - ტაქსის რეფორმაა. 1-ლი ოქტომბრიდან დედაქალაქში რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, შემოვიდა ტაქსის A და B კატეგორიები. სიახლის მიხედვით, განისაზღვრა ტაქსის ფერი - თეთრი. გადაწყდა ისიც, რომ ავტომობილებს სპეციალური მანათობლები უნდა ჰქონდეთ. რეფორმამ დაარეგულირა ისიც, რომ, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი და შეუძლია უფასო პარკირებით სარგებლობა. 

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის პოზიტიურ შედეგებზე საუბრობს. ახალი რეგულაცია სრულად პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. წელს უწყებამ შრომის უსაფრთხოების კუთხით, 500 კომპანიაში 1200 ინსპექტირება და რეინსპექტირება ჩაატარა. უმრავლესობაში დარღვევები აღმოჩნდა. ინიციატორები ამბობენ, რომ ახალმა კანონმა მოთხოვნებს უპასუხა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს შრომის ინსპექციის კანონის მიღებაც ანონსდება. 

მიმდინარე წელი რიცხვებში შეაჯამა პრემიერ-მინისტრმა. 2019 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ქვყენის მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები დაასახელა. 

საბანკო რეგულაციები, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა და ერთ-ერთი ხმაურიანი ცვლილება იყო , მომავალ წელს გადაიხედება და გამარტივდება. კონკრეტულად, რა შეიცვლება სესხის აღების პროცესში დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ეროვნულ ბანკში საკითხზე მუშაობენ. წელსვე ამოქმედდა კიდევ ერთი საყოველთაო რეგულაცია. ავტომანქანების ტექდათვალიერება სავალდებულო სწორედ 2019 წლიდან გახდა.

დღის ამბები