24 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
"პრაქტიკულად ივანიშვილის მმართველობის განაჩენია" - ოპოზიცია კონგრესმენების წერილზე

კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება კრიტიკულ წერილს მიზანმიმართულად მალავდა.

გარდა ამისა, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს.

"წერილი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მალავდა "ქართული ოცნება" და სახელმწიფო კანცელარია, არის პრაქტიკულად ივანიშვილის მმართველობის განაჩენი. ივანიშვილს უნდა ელაპარაკო არა ენის მოჩლექით, არა დიპლომატიური ენით, არამედ უნდა ელაპარაკო ღიად და პირდაპირ," - განაცხადა "ევროპული საქარველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

"ეს წერილი არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამ გაფრთხილებებს, როგორც წესი მოჰყვება სანქციები. სანქციები იქნება აუცილებლად პერსონალური და ამ სანქციებში რა თქმა უნდა ივანიშვილსაც ექნება თავისი ადგილი. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ქვეყანა ზიანდება," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მმართველი გუნდის კურსით შეშფოთებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი, კონგრესმენების მკაცრი შეფასება ინფორმაციის დეფიციტმა და ოპოზიციის მიერ მიწოდებულმა არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია.

დღის ამბები