21 ოქტომბერი 2020,   12:46
ვრცლად
მთავრობა ეკონომიკაზე საერთოდ არაა ფოკუსირებული - ექსპერტები ლარის კურსის მერყეობაზე

ლარის კურსის მერყეობას ანალიტიკოსები დაუგეგმავი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად აფასებენ.

ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არ გაუფასურებულა, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური სტრატეგიის არარსებობაა. ლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2 ლარი და 89 თეთრია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია გადამცვლელ ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

"ლარის გამყარების ტენდენცია სამწუხაროდ არ გვაქვს. რატომ არ გვაქვს? იმიტომ რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა ისევ და ისევ არის არაფრის მომცემი. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა ეკონომიკაზე საერთოდ არ არის ფოკუსირებული და ისედაც მკაფიო და პოზიტიური ხედვა ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით "ქართული ოცნების" მხრიდან მე არ მინახავს," - აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

ეკონომისტი რატი აბულაძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება შესაბამისი პროგრამების შედეგად ხდება, რომელიც საქართველოს ან არ აქვს, ან არაეფექტიანია:

"ვალუტის კურსი ვერ არის იმ მაჩვენებელში და დიაპაზონში, რომ შვება მისცეს საზოგადოებას, არაეფექტიანია პროგრამები ან არ გვაქვს. პრობლემების დაძლევის გზა, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ მყარი ვალუტა, შემოდინებული ინვესტიციები, გაძლიერებული ეკონომიკური გარემო და კეთილდღეობა, გადის პროგრამებზე. შედეგად ამ პროცესებს ვიმკით ფასებში და ვალუტის კურსში," - განაცხადა ეკონომისტმა რატი აბულაძემ.

დღის ამბები