21 ოქტომბერი 2020,   00:25
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას აქცენტს ქვეყნის ოკუპაციაზე გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში დღეს იწყება. სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით თბილისის დროით 15 საათზე გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ძირითადი თემები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური გამოწვევები იქნება.

"პრეზიდენტი  საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსდგება. ის ამომწურავად ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პრიორიტეტებზე და ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც, ასევე სტრასბურგში იმყოფება, იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სწორი გზავნილები ექნება.

"მიუხედავად ჩემი მის მიმართ დამოკიდებულებისა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს ამ ტრიბუნიდან ქვეყნის ნორმალურად წარმოჩენა და ნაკლები კურიოზი და სიურპრიზი გვქონდეს ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ამ ტრიბუნის გამოყენება საქართველოს პრობლემების გასაჟღერებლად, პირველ რიგში, დეოკუპაციის პრობლემისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი საუბრის გარდა, ვთხოვოთ კონკრეტული დახმარება ევროპულ ორგანიზაციას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების ხელშესაწყობად," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან. 

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტს დღეს დაასრულებს.

დღის ამბები