19 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
"საჭმელს არ გვაძლევენ, ყველაფერი ლარზე იყიდება" - ლარსისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

უხვი ნალექისა და ინტენსიური თოვის გამო ამ დრომდე ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა. აქ მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.  მგზავრები და სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, რომლებიც ლარსის გამშვები პუნქტისკენ გადაადგილდებიან, დაწესებული შეზღუდვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.  მათი თქმით, რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად მათთვის დახმარება არავის შეუთავაზებია და არც ინფორმაცია აქვთ კიდევ რამდენი ხანი მოუწევთ ლოდინი.

"პრაქტიკულად ჩვენთვის აქამდე არანაირი დახმარება არ შემოუთავაზებიათ, მათ შორის არც საკვები, პოლიციელებმაც კი არ იციან როდის გაიხსნება გზა," - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი

მათი ნაწილი უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამს, რომ ადგილზე არსებულ მაღაზიებში მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაზეა ვაჭრობა, რუსულ რუბლს კი დაბალი კურსით უხურდავებენ:

"საჭმელს არ გვაძლევენ, ყველაფერი ლარზე იყიდება, 1000 რუბლში 20 ლარს გვაძლევენ. ამ ყველაფერს სჯობს გზა გაწმინდონ, რადგან წასასვლელები ვართ," - ამბობს ლარსისკენ მიმავალი მგზავრი

ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო ჯერჯერობით არ დაწყებულა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის თქმით, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამინდზეა დამოკიდებული:

"ეს დამოკიდებულია ამინდზე, ვინაიდან ზვავსაშიში ადგილია კობი-გუდაურის მონაკვეთი, როგორც კი სპეციალისტებისგან დათვალიერებული იქნება და მოგვეცემა რეკომენდაცია, იმ წუთში დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს," - აცხადებს წერეთელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ნონა ელისაშვილის თქმით, გამოდარება ხვალისთვის არის მოსალოდნელი:

"ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, უკეთეს მეტეოროლოგიურ პირობებს ველოდებით, იქ იმყოფებიან ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც გვპირდებიან, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთი გაიხსნება," - განაცხადა ნონა ელისაშვილმა.

ამინდის გაუარესების გამო ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ვრცელდება. დიდთოვლობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა გომი-ჭიათურას მონაკვეთზე და როგორც მისაბმელიანი, ასევე ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. შეზღუდვები მოიხსნა ნიჩბისი-დიდგორი- დიდი თონეთის გზაზე და ფარავნის უღელტეხილზე,

დღის ამბები