20 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
დიპლომატიური კორპუსი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა

იანვრის ბოლოს დაანონსებული დიალოგი, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რომელიც ამ დრომდე არ გამართულა -  "ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველ გუნდს შეთავაზებას უწუნებენ და ამბობენ, რომ მანდატებს ვაჭრობის თემად არ აქცევენ.

პოლიტიკური ოპონენტები მეხუთე რაუნდს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დასხდომას ელოდებიან, თუმცა დათმობას არ აპირებენ.

მათთვის მისაღები მხოლოდ ისეთი შეთავაზება იქნება, რაც მანდატების პროპორციულ და ადეკვატურ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ადეკვატური წარმომადგენლობის პრინციპის დათმობას არ აპირებს "ევროპული საქართველოც".

პროპორციული სისტემის გარდა სხვა პრინციპს გამორიცხავს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებას მეხუთე რაუნდზე მისვლა განსხვავებულ პირობებში უწევს.

პოზიციების დათმობას არ აპირებს მმართველი გუნდიც. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მათი შეთავაზება, რომელიც მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებასა და პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას ითვალისწინებს, ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება.

მეხუთე რაუნდს ელოდება და შეთანხმების მიღწევის გზების ძიებაშია დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ვითარება პოლარიზებულია და ის უნდა აღმოიფხვრას, ამისთვის კი შეთანხმება აუცილებელია.

როდის მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას მეხუთედ ოპოზიცია და მმართველი გუნდი, ჯერ უცნობია. მეხუთე რაუნდის თარიღი დიპლომატიურმა კორპუსმა პოლიტიკურ პარტიებთან კოორდინირებით უნდა ჩანიშნოს.

დღის ამბები