20 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
"მანიპულაციის მცდელობის ნიმუში" - დარჩიაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს 

მანიპულაციის მცდელობა - ასე აფასებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი მამუკა მდინარაძის  დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯს" შორის დადებული კონტრაქტით, ექსპერტი ბათუ ქუთელია კომპანიაში ენმ-ს წარმომადგენელია.

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ბათუ ქუთელიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებარია. დარჩიაშვილის თქმით, ბათუ ქუთელია დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია იმ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს, რომელშიც თავად სურს მონაწილეობა.  

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, "ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯისთან" დადებულ კონტრაქტში წარმომადგენლად ბათუ ქუთელია ჰყავს მითითებული. 

"თვითონ მდინარაძის განცხადება არის ნიმუში მანიპულაციის მცდელობის, მაგრამ ძალიან უნიჭოდ არის ეს გაკეთებული. ჯერ ერთი, ბათუ ქუთელია არის თავისუფალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია აიღოს რაღაც შეკვეთა, იყოს კონკრეტულ პროექტში ჩართული, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან," - განაცხადა  დავით დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა.

დოკუმენტი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება და მოქმედების ვადა 1 წელია. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი საბუთი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციამ "ქართული ოცნება" ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გამო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები