19 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ბათუ ქუთელია: არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში  

მმართველი გუნდის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯს" შორის დადებული კონტრაქტით ექსპერტი ბათუ ქუთელია კომპანიაში ენმ-ის წარმომადგენელია, ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში პასუხობს. 

ქუთელია წერს, რომ ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და არის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი. ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "ორიონ სტრატეჯი" დამატებით განმარტებებს გააკეთებს.  

"საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:

ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად, ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია "ორიონ სტრატეჯი." ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  "ორიონ სტრატეჯი" გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განვლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან. მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გადაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest-ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში,“ - წერია ბათუ ქუთელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები