19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
გერმანული აუდიტორული კომპანია "დიემთის" დასკვნა - ტყიბულის შახტებში მუშაობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოს ხელისუფლების მიერ დაქირავებული გერმანული აუდიტორული კომპანია "დიემთის" დასკვნა, რომელმაც ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა და 200-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავა, რამდენიმე დღის წინ გახდა საჯარო. აუდიტორის რეკომენდაცია კი 2019 წლის იანვარში უნდა გამოქვეყნებულიყო. 

დასკვნის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ თავად მეშახტეებს. მათი თქმით, ტყიბულში სამუშაო პირობები არ შეცვლილა და შახტებში, სადაც ბოლო ორ წელიწადში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მადანის მოპოვება კვლავ გრძელდება.   

რატომ არ მიაწოდა "დიემთის" დასკვნის შესახებ ინფორმაცია მეშახტეებს კომპანიამ, რომელიც ტყიბულის შახტებს ფლობს - ამ კითხვაზე მცდელობის მიუხედავად, "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა "სთილ ინთერნეიშენალ თრეიდ გრუფისგან" პასუხი დღეს ვერ მიიღო. 

"დიემთის" დასკვნა არასამთავრობო სექტორის ნაწილისთვის ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ გარკვეულმა სტრუქტურებმა აუდიტის კრიტიკული დასკვნა მიზანმიმართულად დამალეს, რითაც კომპანიას საშუალება მისცეს კანონდარღვევით მადანის მოპოვებითი სამუშაოები აღედგინათ. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან ტყიბულში შახტების საქმიანობის შეჩერებას და შრომითი ბაზრის დივერსიფიცირებას ითხოვს.

რატომ განახლდა შახტებში სამუშაოები, მაშინ როდესაც მეშახტეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა - ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა უჭირთ ეკონომიკის სამინისტროში. 

20-ზე მეტი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაშავებული - ეს ტყიბულის შახტებში ბოლო ორი წლის მანძილზე მომხდარი შემთხვევების ტრაგიკული სტატისტიკაა. გერმანული აუდიტორული კომპანია შახტებში მუშაობას სასიცოცხლო საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა მეშახტეების ქალაქში შემოსავლის უალტერნატივო წყაროდ კვლავ მადნის მოპოვება რჩება.

დღის ამბები