24 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
"ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უხერხულად, ძალიან პოზიტიური როლი ვითამაშე" - ომბუდსმენი ხელისუფლებას პასუხობს

ეუთო-ოდირის დასკვნაზე სახალხო დამცველმა პირველი განცხადება გააკეთა. ნინო ლომჯარიამ დღეს მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა. "ქართულ ოცნებაში" მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ომბუდსმენი კანონპროექტის ეუთოში გაგზავნის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ეუთო/ოდირის ფუნქცია არ არის კანონპროექტის ქვეყნის კონსტიტუციასთან თავსებადობის დადგენა.

"ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უხერხულად, პირიქით, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა, მანდატიდან გამომდინარე რაც შეგვეძლო, ძალიან პოზიტიური როლი ვითამაშე. ფაქტია, რომ ორივე მხარე კმაყოფილია მიღებული დასკვნით და იყენებენ მათი არგუმენტების გასამყარებლად. რაც შეეხება იმას, რატომ დავსვით ეს შეკითხვა, ეს იყო ოპოზიციის თხოვნა.  ეს კითხვა რომ ასე იქნებოდა ფორმულირებული, ჩემი მხრიდანაც არაერთგზის იყო მიწოდებული, მათ შორის წინასწარი კომუნიკაციის დროს ეუთო/ოდირისთვის. მათ არ უთქვამთ გადაჭრით, რომ ამ საკითხს არ შეეხებოდნენ, შესაძლებელი იყო ირიბად ამ საკითხსაც შეხებოდა. ამიტომ დავსვით ეს შეკითხვა. თუმცა, როგორც ნახეთ, გადაწყვიტა ეუთომ, რომ ამ საკითხს არანაირი ფორმით არ შეხებოდა და დაგვიტოვა ჩვენ,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა  ოპოზიციის შემუშავებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის მოდელი (ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტი მრავალმანდატიანი ოლქებით)  ეუთო/ოდირს შეფასებისთვის 2019 წლის დეკემბერში გადაუგზავნა. 2020 წლის თებერვალში მოსულმა პასუხმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები