19 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დასრულებულია - აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი ორივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

დონალდ ტრამპი გაამართლეს - იმპიჩმენტის პროცესი დასრულებულია. შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი ორივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. დონალდ ტრამპი შტატების პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე კი ტრამპი იმპიჩმენტის ჩავარდნას ტვიტერში ვიდეორგოლით გამოეხმაურა. ვიდეოში, სადაც ჟურნალ "თაიმსის" მთავარი გვერდი ჩანს, წლები იცვლება, ტრამპი კი პრეზიდენტად სამუდამოდ რჩება.

ტრამპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებას ყველა დემოკრატმა სენატორმა მხარი დაუჭირა, მათ შორის ერთმა რესპუბლიკელმა – მიტ რომნიმ, თუმცა იმპიჩმენტისთვის დემოკრატებს ხმები არ ეყოთ.

პრეზიდენტი 52-მა რესპუბლიკელმა 48-ის წინააღმდეგ გაამართლა. ტრამპს ბრალი კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაშიც ჰქონდა წარდგენილი. თუმცა პრეზიდენტი ამ მუხლშიც უდანაშაულოდ ცნეს. მიღებული გადაწყვეტილების გამო, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სენატი კონსტიტუციის ღალატში დაადანაშაულა.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს შტატების ვიცეპრეზიდენტიც. მაიკ პენსი დარწმუნებულია, რომ დემოკრატების მიზანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ჩამოშორება იყო.

სენატის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ვაშინგტონსა და ბოსტონში. აქციის მონაწილეებმა ამერიკელი კანონმდებლების მიერ დონალდ ტრამპის გამართლებას სამარცხვინო უწოდეს.

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა. დემოკრატები ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ოპონენტების მტკიცებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

დღის ამბები