25 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
საარჩევნო სისტემაზე კამათი გრძელდება - ODIHR-ის დასკვნა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავის სასარგებლოდ წაიკითხა

ეუთო-ოდირის დასკვნა მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" შეფასებით, კანონპროექტი ოპონენტებმა არასწორ მისამართზე გაგზავნეს, რადგან პროექტის კონსტიტუციურობის დადგენა ოდირის პრეროგატივა არ არის.

უმრავლესობის ლიდერების მიერ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგს მალევე უპასუხეს ოპონენტებმა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ოდირს სწორედ პროექტის კონსტიტუციურობის დადგენას სთხოვდა, აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის მათ მიერ შეთავაზებული ვერსიის კონსტიტუციურობა დავის საგანი არ ყოფილა და ჩანაწერი აღნიშნული საკითხის შესახებ დასკვნაში ამიტომაც არ არის.

საკუთარი თანაგუნდელების მსგავსად, ოპოზიციის კომპეტენტურობაზე ტრიბუნიდან ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც, რომელმაც ერთ-ერთი შეხვედრიდან გიგა ბოკერიასთან დიალოგი გაიხსენა. ოპონენტმა მას მალე ბრიფინგითვე უპასუხა.

ოდირის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ.

პროექტი ვარშავაში სახალხო დამცველმა გაგზავნა, რომელიც უმრავლესობის თქმით, ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. საერთაშორისო ორგანიზაციასთან შუამავლი კი აცხადებს, რომ ოდირთან კითხვების ფორმულირება მას წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული და ჩიხში შესულ პოლიტიკურ სიტუაციაში მან მხოლოდ პოზიტიური როლი შეასრულა.

ოდირის კიდევ ერთი რჩევაა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ განხორციელდეს ძირეული ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, თუმცა ცვლილებების განხორციელება ორგანულ კანონში მათი რეკომენდაციით შესაძლებელია უბრალო უმრავლესობით.

ან 100-50-ზე ან მოქმედი შერეული სისტემა - სხვა ვარიანტს ხელისუფლება ოპოზიციას არც აქამდე სთავაზობდა, ოდირის დასკვნის შემდეგ კი მმართველი გუნდის პოზიცია მეტად პრინციპული გახდა. შედგება თუ არა შეთანხმება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში, ძნელი სათქმელია. საერთაშორისო დოკუმენტმა საკუთარ მოდიფიცირებულ პროექტთან დაკავშირებით არგუმენტები გაუმყარა ოპოზიციასაც.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები