19 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
"დოკუმენტი მთლიანად უნდა წაიკითხო, რომ წარმოდგენა შეგექმნას, რაზეა საუბარი" - თინა ბოკუჩავა ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს ოპოზიცია გამოეხმაურა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება დოკუმენტის მე-13 პარაგრაფს კონტექსტის გარეშე განიხილავს.

"39 პარაგრაფიდან ხელისუფლებამ რატომ წაიკითხა მხოლოდ და მხოლოდ მე-13 პარაგრაფი, გაუგებარია. როგორც წესი, დოკუმენტი მთლიანად უნდა წაიკითხო, რომ წარმოდგენა შეგექმნას, თუ რაზეა საუბარი. ამ კონკრეტულ პარაგრაფში, რომელზეც ისინი აპელირებენ, საუბარია, რომ ზოგადად, როგორც თეორიული მოდელი მაჟორიტარულიც შეიძლება იყოს ქვეყანაში და ლეგიტიმური იყოს, შერეულიც და პროპორციულიც,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სწორედ ბევრი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას პროპორციული საარჩევნო სისტემის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა უდევს საფუძვლად.

"პროპორციული არჩევნები, რომლითაც ჩამოყალიბდება კოალიცია არჩევნების შემდეგ, ხელი შეეწყობა ნორმალური ხელისუფლების შექმნას, სადაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ერთპარტიულობა. სწორედ კოალიციური მმართველობა უდევს ფუნდამენტად და საფუძვლად ევროპის წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების განვითარებას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობაში მნიშვნელოვანია სწორედ კოალიციური მმართველობა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციული დოკუმენტის მე-13 მუხლზე მმართველი გუნდიდან ყურადღება დიმიტრი ხუნდაძემ გაამახვილა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები