19 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
"ივანიშვილი რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდეს, ამისთვის სჭირდება ჰყავდეს ყურმოჭრილი მონები" - გუგავა შოთაძის შესახებ  

ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის ერთადერთ კანდიდატად დასახელებას, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაში. გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ შოთაძე სწორედ მისი დავალებების შემსრულებელი იქნება. 

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ივანიშვილს სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებად მისი მორჩილი ადამიანები სჭირდება.   

"ივანიშვილი რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდეს, ამისთვის მას სჭირდება ჰყავდეს ყურმოჭრილი მონები ისეთი უწყების ხელმძღვანელად, როგორიც არის პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია, რომლებიც არიან უსიტყვო შემსრულებლები იმ დავალებისა, რომელიც მოდის სწორედ ოლიგარქის მხრიდან. ამ მექანიზმებს ის იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, ძალაუფლების გამყარებისთვის. სხვა მექანიზმი და დასაყრდენი მას ქვეყანაში არ დარჩა. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება მარიონეტი შოთაძე," - განაცხადა გიორგი გუგავამ.  

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე, ის მაინც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება. 

"ქართულმა ოცნებამ" ისეთი დისკრედიტაცია გაუკეთა მთელ სახელმწიფო აპარატს, სასამართლოს და პროკურატურას, რომ რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი. ვინც არ უნდა იყოს, ის იქნება დავალების შემსრულებელი, რომელიც "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წამოვა," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები