20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
კრიტიკული წერილების ავტორ კონგრესმენებს ქართული დელეგაციის წევრები ხვდებიან - ვაშინგტონში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში, წერილების ავტორ კონგრესმენებთან და არა მხოლოდ მათთან, შეხვედრებს განაგრძობს. საპარლამენტო დელეგაციამ 2020 წლისთვის ვაშინგტონში კიდევ 4 ვიზიტი ჩანიშნა იმ მიზეზით, რომ პარტნიორებს პოლიტიკურ პროცესებზე ზუსტი ინფორმაცია პერმანენტულად მიაწოდოს.

ინფორმაციის უზუსტობა და კომუნიკაციის ხარვეზები - სწორედ ის არგუმენტი იყო, რომელსაც "ოცნება" კრიტიკული წერილების მიზეზად ასახელებდა. ერთ-ერთი ამგვარი წერილის ავტორი კი რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი იყო, რომელსაც "რუსთავი 2-მა", სწორედ მმართველ გუნდთან კომუნიკაციის შემდეგ ჰკითხა, უნდა ვეძებოთ თუ არა პრობლემა სწორედ ურთიერთობის ნაკლებობაში.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა საქართველოს დიდი ხნის მეგობართან, სენატორ როჯერ უიკერთანაც გამართა. აუდიენციას ვაშინგტონში რამდენიმე დღით ადრე ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო, თუმცა შეხვედრების დეტალები მედიისთვის უცნობი დარჩა. მმართველ გუნდის წევრების თქმით, ადგილზე კონკრეტული მიზნებით ჩავიდნენ, მოისმინეს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულება ოპტიმიზმსა და ნდობაზე გადის და სწორი იყო ის დაშვება, რომ ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია არასწორად ჰქონდათ მიწოდებული. 

მმართველი გუნდის პარალელურად ვაშინგტონში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სტატუსით შეხვედრებს მართავს გიგი წერეთელიც. ის ხელისუფლებას ახსენებს, რომ იმ მასშტაბის უწყებებს, როგორიც ამერიკის კონგრესი და სენატია ინფორმაციას არა ინდივიდები, არამედ ინსტიტუტები და საელჩოები აწვდიან.

ვაშინგტონში მიმდინარე მაღალი რანგის შეხვედრები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში შეაფასეს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზავნილები სტრატეგიული პარტნიორისგან პოზიტიურია.

ქართული დელეგაცია აშშ-ის პოლიტიკურ ცენტრში შეხვედრებს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს. მათი მოლოდინია, რომ ვიზიტი პარტნიორების კითხვებს ნაწილობრივ მაინც გაფანტავს. 

დღის ამბები