20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
გადამწყვეტი მეხუთე რაუნდი "შეთანხმების ფანჯრის დახურვამდე" - ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას კიდევ ერთხელ ცდის

ოპოზიცია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე რამდენიმე ვარიანტის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ შეთავაზება მაქსიმალურად დაახლოებული იქნება უმრავლესობის ვერსიასთან 100/50-ზე, თუმცა მეტი პროპორციული წარმომადგენლობით.

კონკრეტული ახალი პროექტის არსებობას პოლიტიკურ პარტიებში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მეხუთე რაუნდზე ოპოზიციის შეთავაზება პროპორციული სისტემისკენ მაქსიმალურად იქნება გადახრილი.

სახელისუფლებო გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და ოპონენტებთან კონსენსუსის მიღწევას საკუთარ შეთავაზებაზე შეეცდება.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, თუკი ოპოზიცია მათ შეთავაზებას არ დათანხმდება, თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებებიც დაიხურება.

პარლამენტში თავმჯდომარის განცხადება ულტიმატუმად აღიქვეს ოპონენტებმა. ოპოზიციაში თვლიან, რომ საარჩევნო ცვლილებები თებერვლის შემდეგაც შესაძლებელია, თუმცა მას ხელს პოლიტიკური ნების არარსებობა უშლის.

ოპოზიციის შეთავაზებაზე დათანხმებას მმართველი გუნდი სავარაუდოდ არ გეგმავს და მიიჩნევს, რომ 100/50-ზე შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

მეხუთე რაუნდის თარიღი ისევ უცნობია. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს,  რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები.

 

ავტორი ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები