24 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
ოკუპირებულ ახალგორში ქართული ენის დევნა დაიწყო - იზოლაციაში მცხოვრებ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავენ

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა საგანმანათლებლო კრიზისის ზღვარზეა. ადგილობრივები ყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმი რეგიონში ქართულენოვან პედაგოგებს ყოველდღიურად ავიწროებს. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის მოქმედ 7 სკოლაში სწავლების პროცესი თითქმის სრულად რუსულ ენაზეა გადასული.

ახალგორელები ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლების რუსიფიცირების შესაჩერებლად გააქტიურებას სთხოვენ.

საკითხის სიმწვავეს ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის დევნის პროცესი ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტს სცდება.

სკოლებში რუსული ენის იძულებით სწავლებასთან ერთად, ე.წ საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვა ახალგორელებისთვის კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დარჩენილი ნათესავების მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს. მოქალაქეების თქმით, თუ ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი პუნქტი არ გაიხსნება, შესაძლოა, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ამბობს, რომ იზოლაციაში მყოფ ოკუპირებულ ახალგორში მიმდინარეობს რეპრესიები, რაზეც საუბარს საქართველოს ხელისუფლება ჟენევის ფორმატში აქტიურად გეგმავს. არსებული სიტუაციიდან გამოსავალს საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურებაში ხედავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც.

ხუთი თვით ჩაკეტილი ე.წ საზღვარი, ქართული ენის დევნა სკოლებიდან, მოსახლეობისთვის სრულფასოვან სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, - ეს ოკუპირებული ახალგორის რეალობაა. მოსახლეობამ, რომელსაც ცხოვრება ყოველდღიურად სტრესის ქვეშ უწევს, ახლა შესაძლოა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შანსიც დაკარგოს.

დღის ამბები