18 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
დატბორილი სახლები და შენობები - ტყის მასშტაბური ხანძრების შემდეგ ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის

მასშტაბური ტყის ხანძრების შემდეგ ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის. შტორმისა და უხვი ნალექის შედეგად ახალი სამხრეთ უელსის შტატში სატრანსპორტო გადაადგილება თითქმის შეზღუდულია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამსახური კი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"შტატში 13 სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. წინა დღის მონაცემებთან შედარებით, გამოძახებების რაოდენობა გაორმაგებულია, ვთხოვთ მოსახლეობას, სტიქიის გამო მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე," - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის წარმომადგენელი კარენ ვები.

რეკორდულმა ნალექმა ავსტრალიაში ხანძრის ადგილების რაოდენობა შეამცირა. ამ დროისთვის ცეცხლი მხოლოდ 35 კერას უკიდია. მეტეოროლოგიურ სამსახურში ვარაუდობენ, რომ ავსტრალიაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

"მოვუწოდებ მოსახლეობას სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენონ, თავი შეიკავეთ მანქანით იმ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან, სადაც წყლის დონე მაღალია, რადგან შესაძლოა, მანქანები წყალში ჩაიძიროს," - განაცხადა მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა კიმბა ვონგიმ.

ეკოაქტივისტები ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძრებსა და წყალდიდობებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ქვეყანა სტიქიას სექტემბრიდან ებრძვის. ხანძრებმა 11 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადაწვა. ტყეებში გაჩენილი ცეცხლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი ცხოველი განადგურდა.

დღის ამბები