16 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
მისცემენ თუ არა წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების კურთხევას - სამღვდელოება საკითხს რეპროდუქტოლოგებთან ერთად განიხილავს

ხელოვნური განაყოფიერების საკითხი საპატრიარქოში ისევ აქტუალური ხდება. სამღვდელოება მომავალ კვირაში შეიკრიბება და განიხილავს ინ ვიტრო განაყოფიერება-დონაცია-სუროგაციის საკითხს. მიიღებენ თუ არა კურთხევას ეკლესიიდან წყვილები, რომლებიც შვილის ყოლას ხელოვნური განაყოფიერების გზით გადაწყვეტენ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაირკვევა. სამღვდელოების კრებას რეპროდუქტოლოგებიც დაესწრებიან. აქამდე ტაბუირებული თემა სასულიერო პირებს სპეციალისტებთან ერთად არ განუხილავთ.

სასულიერო პირების აზრი ორად იყოფა - ნაწილი ხელოვნურ ჩარევას კატეგორიულად უარყოფს, ნაწილისთვის კი ნებისმიერი თანამედროვე სამედიცინო მიდგომა მისაღებია.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ პატრიარქის ეპისტოლე, სადაც ხელოვნური განაყოფიერების უარყოფა მოხდა, დროში დაემთხვა ამ საკითხზე რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებას. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სპეციალისტებთან განხილვის გარეშე ამ თემის გადაწყვეტა მაშინაც არასწორი იყო. 

თავად რეპროდუქტოლოგები ამბობენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე როგორც სამღვდელოების გარკვეული წრე, სიღრმისეულად არ იცნობს ხელოვნურ განაყოფიერებას, როგორც მედიცინის მიმართულებას.

პატრიარქმა ბავშვის გაჩენის ხელოვნური მეთოდები პირველად 2013 წელს საშობაო ეპისტოლეში უარყო. მას შემდეგ თემა გარკვეული პერიოდი დაიხურა და დღეს ხელოვნური განაყოფიერების საკითხი ისევ დღის წესრიგში დგება. 

დღის ამბები