24 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ უმასპინძლა. 

თავდაცვის მინისტრმა ნატოს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს წარმატებით იყენებს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში  ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM)  ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. 

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. 

დღის ამბები