24 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ოკუპაციის კანონის დამრღვევი რუსი პოლიტიკოსების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას ოპოზიცია დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ უნდა დაუშვას რუსეთის არცერთი წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მათი თქმით, ეს ქმედება საზოგადოებაში მწვავე პროტესტის საფუძველი გახდება.

"დიალოგი შეიძლება აწარმოო მტერთანაც, როდესაც საუბარია შენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ფორმატი და წითელი ხაზები. ლავროვს შეიძლება ვესაუბროთ ჟენევაში საქართველოს ინტერესების დასაცავად, მაგრამ ამ ადამიანის ჩამოყვანა თბილისში და მისი მასპინძლობა, იმ ადამიანის, ვინც უკვე წლებია ანგრევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მუშაობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მიგვაჩნია, რომ არის მიუღებელი და ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი," - განაცხადა  "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

რუსეთიდან იმ პოლიტიკოსების მოსალოდნელ ჩამოსვლას, რომელთაც ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა:

"მოვუწოდებთ კეთილგონიერებისკენ, რომელიც არ გააჩნია ამ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მაინც მოეგონ გონს და ასეთ პროვოკაციაზე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნუ წავლენ და ნუ შემოუშვებენ გავრილოვებსლავროვებსკარასინებს და ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული რეგიონების შესახებ. ეს იქნება პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც ქართველი ხალხი ძალიან პრინციპულად და მტკიცედ შეხვდება,"- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ურჩევს ხელისუფლებას "ლელო საქართველოსათვის" წევრი დავით უსუფაშვილი:

"მოსახლეობაში არის საკმაოდ არგუმენტირებული ნეგატიური განწყობები, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ამ ღონისძიებაზე საქართველოში არ ჩამოვიდეს არცერთი ის პირი, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნებია ცნობილი მიმართულებით. ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებები თავად ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, საჭიროა კონტაქტები რუსულ დელეგაციასთან,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები