21 ოქტომბერი 2020,   12:27
ვრცლად
აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში პროგრესია - ქართული მხარე საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქართული დელეგაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებს. შეხვედრაზე მთავარი თემა სწორედ გამოძიების მიმდინარეობა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფატუ ბენსუდამ დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობაში პროგრესია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 

"ბევრი გამოწვევაა და ვცდილობთ იმ გზების მოძებნას, როგორ შეიძლება მოვიპოვოთ მტკიცებულებები. ნამდვილად გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, როგორ შეიძლება მეტი მტკიცებულების მოპოვება,"- განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრაზე გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა აღინიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობაში პროგრესი არის. 

"როგორც წესი და ახლაც ამ წესიდან გადახვევა არ ყოფილა, პროკურორი და მისი გამომძიებლები არ საუბრობენ გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე, ისინი გვეუბნებიან არის თუ არა პროგრესი. დღეს ითქვა, რომ პროგრესი არის. მათი მხრიდან სურვილი იმისა, რომ გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერი, წარმატებული და სწრაფი იყოს, არის, ჩვენი მხრიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები