24 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
ემუქრება თუ არა საფრთხე ვიზალიბერალიზაციას - სტრასბურგის რეზოლუციის ჩაგდებას ოპოზიცია და "ოცნება" ერთმანეთს აბრალებენ 

სტრასბურგის რეზოლუცია მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. პროექტის ჩაგდებას ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს.

ევროპარლამენტიდან დაბრუნებული ოთარ კახიძის თქმით, რომელიც ასოცირების კომიტეტის კენჭისყრის მონაწილე იყო, ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილება უმრავლესობის ქმედებებზე ადეკვატური პასუხი იყო. "ევროპული საქართველოს" პოზიციას იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებიც.

ხელისუფლების ოპონენტები ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხეს ხედავენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები დოკუმენტის ჩავარდნის გამო ევროპიდან ახალ მკაცრ კრიტიკას ელოდებიან.

"სიგნალი ქართველი ხალხისთვის, სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის" - ასე აფასებს მომხდარს ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.

საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნე-ვიჩიანეს განცხადებით, ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მინისტრი ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ საკითხზე ოპონენტების დამოკიდებულება არ შეცვლილა.

"პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი საბოტაჟი" - ასე აფასებს უმრავლესობა სტრასბურგში განვითარებულ მოვლენებს. მმართველი გუნდი ოპოზიციის სასარგებლოდ ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობაზეც აკეთებს აქცენტს.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რეზოლუციის ჩაგდების ერთადერთი პრეცედენტი 2013 წელს დაფიქსირდა. აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც კრიტიკულ შესწორებებს მოჰყვა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები