16 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი გუდაურში - რატომ გაიმეტეს 22 წლის ახალგაზრდა მკვლელობისთვის

გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაშია.

გამთენიისას მომხდარ ინციდენტს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

გარდაცვლილის მეგობრებს საუბარი უჭირთ, რატომ გაიმეტეს ახალგაზრდა მკვლელობისთვის. ამბობენ, რომ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

მოკლული ახალგაზრდის მეგობრები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ გუდაურში ის ზამთრის სეზონზე ჩადიოდა  და ერთ-ერთ ბარში მუშაობდა, პარალელურად იყო ინსტრუქტორიც. რა მოხდა და რამ გამოიწვია ადგილობრივთან დაპირისპირება, ამაზე გუდაურში ვერავინ საუბრობს. მომხდარის შესახებ არ საუბრობენ იმ ბარის თანამშრომლებიც, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ გორთამაშვილი მუშაობდა.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გუდაურში ჰყვებიან, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ღამის კლუბში გამთენიისას დაიწყო, ერთ-ერთ ბარში გაგრძელდა და კამათი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 22 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, დავით სეთურიძე. ის გარდაცვლილის ნაცნობი იყო. დაჭრილის ახლობლები ამბობენ, რომ მას გასროლილი ტყვია შემთხვევით მაშინ მოხვდა, როდესაც ის დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. დაშავებული მამაკაცი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.

მკვლელობის და დაჭრის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც, რომლის ტარების უფლებაც ბრალდებულს კანონით ჰქონდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები