18 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ჩინეთში შესაძლოა სიკვდილით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის სიმპტომებს დამალავენ

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 142 პაციენტი გარდაიცვალა, 2 ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე 70 ათასამდე ადამიანია დაავადებული, მათი უმეტესობა ჰუბეის პროვინციაში მკურნალობს. ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰონგ-კონგსა და იაპონიაში ფიქსირდება. ეპიდემიის ეპიცენტრში, ასევე, იმატა ექიმების ინფიცირების შემთხვევებმაც, რომლებსაც დაავადება პაციენტებისგან გადაედოთ. ქალაქ უხანში კორონავირუსმა უკვე 6 ექიმი იმსხვერპლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაზრდილ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს.

დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ტურისტულ გემზე მყოფ კიდევ 70 მგზავრს. 3 თებერვლის შემდეგ ერთმა ჰონგ-კონგელმა მამაკაცმა ვირუსი საერთო ჯამში 355 ადამიანს გადასდო.

გაზრდილი შემთხვევების გამო გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი და კანადა. 

კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ ერთი ტურისტული გემის მგზავრს, 83 წლის ქალი იმ საკრუიზო გემზე იმყოფებოდა, რომელსაც პორტში შეშვებაზე უარი 5 ქვეყანამ უთხრა და საბოლოოდ, კამბოჯამ მიიღო. კორონავირუსი მას გემის დატოვების შემდეგ, მალაიზიის საზღვარზე დაუდგინდა. მომხდარის გამო მალაიზიამ ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვები დააწესა.

გემზე დაფიქსირებული ვირუსული ინფექციის გამო, მალაიზიისგან განსხვავებით, პრევენციული ზომების გამკაცრებას არ აპირებს კომბოჯა.

ეპიდაფეთქების გამო ვირუსთან ბრძოლის ზომებს ამკაცრებს ჩინეთი. ოფიციალური პეკინი კანონს ამზადებს. 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სიკვდილით დასჯა ემუქრება მათ, ვინც დაავადების სიმპტომებს განზრახ დამალავს. დასჯადი გახდება ქვეყნის გარეთ მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის დაფარვაც.

ჩინეთში კონტროლი მკაცრდება დიდ ქალაქებში ტრანსპორტით გადაადგილებაზეც. სპეციალური სამსახურები ავტომანქანებსა და მძღოლებს შეამოწმებენ.

ეპიდემიის ეპიცენტრი ქალაქი უხანი ისევ იზოლაციაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო მონაცემების მიხედვით მიიჩნევს, რომ ჩინეთში ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის, მძიმე ავადმყოფების რაოდენობა შემცირდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.

დღის ამბები