21 ოქტომბერი 2020,   00:18
ვრცლად
ბიუჯეტიდან დახარჯული 443 000 ლარი და აუდიტის დასკვნა - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები უხარისხო წყალს იყენებენ

ბიუჯეტიდან დახარჯული 443 000 ლარი და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი დუშეთის სოფლები - აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტს უხარისხოდ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებისთვის აკრიტიკებს. ჩირდილელიანთკარიჩუბინაანთკარი, მჭადიჯვარი - ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც მოსახლეობა იძულებულია გრაფიკით მიწოდებული უხარისხო წყალი გამოიყენოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტექნიკური წყლის გამოყენება სასმელად და საკვების მოსამზადებლადაც უწევთ.

ტალახიან წყალთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად მხოლოდ გასულ წელს ასიათასობით ლარი დაიხარჯა, პრობლემურია ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკიც. 

დუშეთის მერიის მიერ განხორციელებული წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების მიღმა კორუფციის ნიშნებს ხედავს ადგილობრივი ოპოზიცია. საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები მერიისა და მის მიერ დაქირავებული კონტრაქტორების საქმიანობის შესწავლას საგამოძიებო უწყებებს სთხოვენ.

სოფლების წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების არსებობას არც დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრობლემები უმოკლეს ვადაში გადაიჭრება. 

დუშეთში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს შპს "თერგი" აწარმოებდა. კომპანიას მუნიციპალიტეტში ოფისი არ აქვს, მისამართზე კი, სადაც კომპანია ოფიციალურად ფიქსირდება, საცხოვრებელი სახლია.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს დირექტორიც. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რატომ გახდა საჭირო მრავალათასიანი კონსტრუქციების ხელახალი რემონტი და როდის მოხერხდება დუშეთის სოფლების წყლით სრულფასოვანი მომარაგება.

დღის ამბები