18 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 454-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი Diamond Princess, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3 700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.

ჰუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 105 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიამ ჩინეთში მთლიანობაში 1 775 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი კონორავირუსით უკვე ათასობით ექიმი დაინფიცირდა. მათ დაავადება პაციენტებისგან გადაედოთ. ახალმა ვირუსმა უკვე 6 ექიმი იმსხვერპლა.

მკვლელი ვირუსის დასამარცხებლად ჩინეთის ჯანდაცვა აქტიურად მუშაობს. კორონავირუსთან საბრძოლველად ჩინელმა მედიკოსებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს და სისხლის პლაზმური თერაპიის გამოყენება დაიწყეს. დაავადებულთა დონორები ახალი ვირუსისგან განკურნებული პაციენტები არიან.

ვირუსის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. კორონავირუსისგან უკვე 11 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა.

ეპიდემიის გამო ზომები გაამკაცრეს ჰუბეის პროვინციაში. მთვარობამ ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალა. კანონის დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივებს 10-დღიანი პატიმრობა ან ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ზომებს ამკაცრებს მალაიზიაც. ქვეყანამ უარი განაცხადა იმ გემის მგზავრების მიღებაზე, რომელიც კამბოჯამ რამდენიმე დღის წინ პორტში შეუშვა. საკრუიზო ხომალდ "ვესტერდამს" საკუთარ პორტში შესვლაზე 5-მა სახელმწიფომ უარი უთხრა.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა უკვე 28 ქვეყანაშია გავრცელებული.

დღის ამბები