18 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
"ალავერდობა", "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები" - გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ალავერდობა", "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები" - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომლებიც გიორგი შენგელაიას ეკუთვნის. რეჟისორი მაყურებელს მსახიობის ამპლუაშიც კარგად ახსოვს. გიორგი შენგელაიას გადაღებული აქვს როგორც ვესტერნი, ისე მიუზიკლი და სათავგადასავლო ფილმიც. მისი ფილმების ჩამონათვალი ყველა ჟანრს აერთიანებს.

რეჟისორს, რომელიც თავისი ფილმებით ყოველთვის ქვეყნის სათქმელს გამოთქვამდა, განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ჰქონდა და იგავური ფორმის წყალობით ყველაზე მწარე სიმართლეს იუმორნარევი ფორმით გამოთქვამდა. 

გიორგი შენგელაიამ, როგორც ქართული კინოსამყაროს გამორჩეულმა რეჟისორმა, ქვეყანას ძალიან საინტერესო მემკვიდრეობა, გამორჩეული ფილმები და არაერთი ქართული თუ საერთაშორისო პრემია და ჯილდო დაუტოვა. 

გიორგი შენგელაია დღეს დილით, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი სწორედ იმ თაობას ეკუთვნის, რომელთანაც ქართული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა დაკავშირებული. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი. 

დღის ამბები