მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს დღეს უკვე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ელოდებიან.
ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს რამდენიმე ძირითად საკითხზე ანგარიშს ჩააბარებს. საუბარია სატელევიზიო კომპანიების - მათ შორის "რუსთავი 2-ის" დავალიანებასა და ამ თანხის ამოღების გრაფიკზე. მინისტრი კანონმდებლებს ასევე მიაწოდებს ინფორმაციას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებებთან მიმართებით.
სესიისგან განსხვავებით ოპოზიცია შეხვედრას დაესწრება და აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტის გახშირებულ შემთხვევებზე.
"რა თქმა უნდა, განსახილველია სიგარეტის აქციზების საკითხი. უმძიმესი ვითარებააა შექმნილი ამ მხრივ ქვეყანაში. წალეკა აფხაზეთიდან და რუსეთიდან შემოტანილმა კონტრაბანდულმა სიგარეტმა ბაზარი. მთელი დასავლეთ საქართველო მოიცვა და 100 მილიონიანი ლარის ზარალი შესაძლოა მიადგეს ქვეყანას. უნდა დაიწყოს ქვეყანამ მოლაპარაკება და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გარკვეული ნაწილი უნდა იყოს კორექტირებული," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივნის გედევან ფოფხაძის თქმით, მინისტრის საათის ფორმატიდან განსხვავებით, საკომიტეტო შეხვედრა უფრო ინტერაქტიული იქნება.
"ეს შეხვედრა არ იქნება ისეთი მშვიდი და აკადემიური ჩვენი მინისტრისთვის, როგორიც იყო მინისტრის საათი. ჩვენ მივიჩნიეთ რომ კითხვებზე იმ პასუხებს ვერ მივიღებდით, რასაც ველოდებოდით. კომიტეტზე უფრო სწორი იქნება მივიღოთ კითხვებზე პასუხი," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრთან შეკითხვებზე სესიაზე ამოწურა.