20 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
ღამით მოკლული დედა-შვილის ექსპერტიზა დასრულებულია

ღამით მოკლული დედა-შვილის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ცხედრები ამ დრომდე, პროზექტურაში რჩება. ცოტა ხნის წინ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის ახლობლები მივიდნენ. გარდაცვლილების ახლობლებს უჭირთ საუბარი, რა გახდა მძიმე დანაშაულის მოტივი. ისინი ამბობენ, რომ ოჯახში გახშირებული იყო კონფლიქტი.

ოჯახი ერთ-ერთი ნათესავის სახლში ცხოვრობდა, დანაშაულიც სწორედ იქ მოხდა.

18 წლის მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, დედა და ბებია მოკლა, კერძო სკოლაში სწავლობდა. სკოლის  სასწავლო ნაწილი მაია დუდაური ამბობს, რომ დედის ინფორმაციით, ის დეპრესიული იყო და სკოლასაც ხშირად აცდენდა.

"გადმოვიდა მეათე კლასში, მეათე კლასის ბოლომდე ისწავლა ჩვენთან, მეთერთმეტეში გადავიდა ისევ საჯარო სკოლაში და ახლა მეთორმეტეში უკან გადმოვიდა. დედა მეუბნებოდა ზუსტად 4 დღის წინ, ცოტა დეპრესიაშიაო. ბევრს აცდენდა ამ ბოლო დროს,“ - ამბობს მაია დუდაური.

მკვლელობა ჩუღურეთის რაიონში ღამით მოხდა. 18 წლის მამაკაცმა დედა და ბებია ძილში მოკლა, რის შემდეგაც ქუჩაში გამოვიდა და ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთი ვერსიით პოლიციაშიც მან თავად დარეკა. ბრალდებული სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახში ჩადენილი განძრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები