25 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც დაესწრება, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ თავმჯდომარეობა, საფრანგეთიდან, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი და ეს იყო მართლაც ჩვენი გულწრფელი სურვილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის, საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხვდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ევროპის საბჭოს რიგით 130-ე მინისტერიალისთვის თბილისში, 14-15 მაისს უნდა ემასპინძლა. მინისტერიალს შესაძლოა დასწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია და მათ შორის, ის რუს მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ქვეყნის ოკუპაციის კანონი არაერთხელ აქვთ დარღვეული. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. 

სწორედ ამის გამო, ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს მინისტერიალის გამართვის ადგილად სტრასბურგი დასახელდა. 

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 

დღის ამბები