16 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება შესაძლოა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს

იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური მაგიდის გარშემო მსხდომები საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ შეთანხმებულან, პარტიების წარმომადგენლებს დილიდან მოუწიათ.

ალეკო ელისაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ სოციალური ქსელიდან, მოგვიანებით კი, საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა და პარტნიორებს შეახსენა, რომ მაჟორიტარებზე არა ორპარტიულ, არამედ მრავალპარტიულ ფორმატში უნდა შეთანხმდნენ.

საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებული სია, სადაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებს ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები ინაწილებდნენ, დღეს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამტკიცებენ, რომ ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილებას ვერაფერი შეიტანს, კონსულტაციების დასრულებამდე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარს კი ნაადრევად მიიჩნევენ. მათ სია უარყვეს, თუმცა თქვეს, რომ შეძლებენ პარტიულ კონკურენციის მიუხედავად, მაჟორიტარულ ოლქებში "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ საერთო კანდიდატებით წარდგნენ.

საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციის სათადარიგო გეგმაა, თუ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ამბობენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების გარანტი იქნება. თუმცა არც იმას მალავენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და ღირებულებების მქონე ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა რთული იქნება.

ვის, სად და რა პრინციპით შეარჩევენ - სტრატეგია უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარული მანდატისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი და ალეკო ელისაშვილი იბრძოლებენ.

22 ოლქიდან 8-ში მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნება, 14 ოლქი კი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის გადანაწილდება. ოპოზიციურ გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კონსენსუსის გზით მიიღებენ და კონკრეტულ პოლიტიკოსებს მათი რეიტინგის მიხედვით შეარჩევენ.

ოპოზიციური გაერთიანება მმართველ გუნდს არ აშინებს. სახელისუფლებო პარტიაში საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ ოპონენტებს საერთო კანდიდატებით მხოლოდ მეორე ადგილზე გასვლის პერსპექტივა აქვთ.

როგორი იქნება ოპოზიციური გაერთიანების მაჟორიტარობის კანდიდატების საბოლოო კონფიგურაცია, 4 აპრილს გაირვევა, როცა რუსთაველზე ოპოზიციური გაერთიანება შეიკრიბება და საკუთარ ამომრჩევლებს თბილისსა თუ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კადიდატებს წარუდგენს.

დღის ამბები