19 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ შეთანხმება სამართლიან პრინციპებზე მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

თალაკვაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაკვეთაა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება.

"ვფიქრობ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქეთ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში, მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც და ჩვენ როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. დღეს, რა თქმა უნდა, დეტალებზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ აუცილებლად გპირდებით, რომ ყველა დეტალი და მოლაპარაკების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დღევანდელი შეხვედრის მიზანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვა არ ყოფილა. 

"გიორგი ვაშაძე ამბობს იმას, რომ ჩვენ შევთავაზეთ 110/40-ზე ოპოზიციას, ეს არ არის სიმართლე. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო როგორც ასეთი, მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, სხვადასხვა პრინციპზე, როგორ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ასევე იყო საუბარი 40%-ზე. იცით, რომ ოპოზიცია აცხადებს, რომ  თუ პარტია იღებს 40%-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ საკითხებზე იყო ბუნებრივია საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკებები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები