23 ოქტომბერი 2020,   11:59
ვრცლად
გაუქმებული ჯავშნები და ავიარეისები - კორონავირუსმა, შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია დააზარალოს

კორონავირუსმა ​მსოფლიოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე მოახდინა - ჩამოიშალა ბირჟები, ტურისტული ქვეყნები მილიონობით ზარალს ითვლიან. დაზარალებულთა შორის იქნება საქართველოც, რომლის ტურისტულად აქტიური პერიოდი გაზაფხულზე დაიწყება. ტენდენცია უკვე ჩანს - ჯავშნები უქმდება, ავიაკომპანიები კი თავიანთ განრიგს ცვლიან.

სასურსათო მარაგის კუთხით ქვეყნაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანას პროდუქტების საკმარისი მარაგი აქვს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, 26 თებერვლის ღამეს სუპერმარკეტებში თაროები რამდენიმე საათში დაცარიელდა, თუმცა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ მიუხედავად პანიკური რეაქციისა, დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარი სტაბილურია და ქვეყანას სასურსათო დეფიციტი არც ერთ შემთხვევაში არ ემუქრება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ამბობენ, რომ ქვეყანას სასურსათო მარაგების კუთხით პრობლემები არ შეექმნება. საქართველოს კორონავირუსის მთავარ კერასთან - ჩინეთთან, სურსათის მხრივ თითქმის მინიმალური სავაჭრო ურთიერთობა აქვს.

ექსპერტთა აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსმა მოქალაქეების სასურსათო კალათებზე გავლენა მოახდინოს.

რისი შეცვლაც COVID 19-მა უკვე შეძლო, მოქალაქეების სამოგზაურო გეგმებიაკორონავირუსის საფრთხის გამო მოქალაქეები ტუროპერატორებს აქტიურად უკავშირდებიან, რათა უკვე შეძენილი საგზურების გაუქმების პირობები გაარკვიონ.

ტურისტული კომპანიების ნაწილში ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობენ. კომპანიები მოგზაურებს, რომლებმაც ბილეთები თავად შეიძინეს, ურჩევენ ავიაკომპანიების წესებით იხელმძღვანელონ.

სწორედ კორონავირუსის გამო, კომპანია WIZZ AIR-მა, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ასრულებს, რეისების რაოდენობა შეამცირა. 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ არსებული ბილეთები სხვა ალტერნატიული მიმართულებით გადაცვალონ, ან თანხა დაიბრუნონ.

ჰიგიენის დაცვის კუთხით, რეკომენდაციების გარდა, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, კიდევ ერთი მთავარი რჩევაა, რომ მოქალაქეებმა მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია) მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები