20 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
კორონავირუსი და ეკონომიკური საფრთხეები - რას გეგმავს მთავრობა კრიზისის თავიდან ასაცილებლად

დღევანდელი დღე საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნით დაიწყო, რის გამოც უოლ სტრიტის სამმა ძირითადმა საფონდო ინდექსმა ვაჭრობაც კი შეწყვიტა. ეს, ამ კვირაში, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის შეჩერების უკვე მეორე შემთხვევაა.

გამყარების ტენდენციის შემდეგ კორონავირუსის პანიკის გამო საქართველოს ეროვნულმა ვალუტამაც დაიწყო გაუფასურება. მარტო ერთ დღეში, ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა.

პრემიერ-მინისტრმა უკვე დაავალა ყველა შესაბამის უწყებას ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელებაც უკვე ხვალიდან უნდა დაიწყოს.

ბიზნესმენი შალვა ალავერდაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მის ბიზნესს შეექმნა. ამბობს, რომ ქვეყანაში ვიზიტორების რეკორდული შემცირების გამო ჯავშნების 90% გაუქმებულია. თბილისში 10 სასტუმრო უკვე დაიხურა. მათი მეპატრონეები ხელისუფლებას საგადასახადო შეღავათების დაწესებას სთხოვენ.

პროგნოზი, რომ კორონავირუსი მხოლოდ ტურიზმის სექტორს არ დააზარალებს და ეკონომიკის ყველა სფეროზე ნეგატიური გავლენა ექნება, რეალისტურია სპეციალისტებისთვის.

კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა არა მარტო ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც. პანდემიის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა დილით მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ გუნდს მისცა. გიორგი გახარაიას თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახოს.

სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ კრიზისს საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება. როგორ დაეხმარებიან ბიზნესს, ამ დროისთვის, უცნობია. ანტიკრიზისული გეგმის დეტალები არ კონკრეტდება, მაგრამ ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ, რომ მათი ნაბიჯები კომპლექსური იქნება და მხოლოდ ტურიზმის სექტორს არ შეეხება. ისინი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას კორონავირუსთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებენ, პროგნოზის გაკეთება კი უჭირთ.

ოპოზიცია კორონავირუსთან დაკავშირებით მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ისინი მთავრობას ურჩევენ, რომ დააწესოს საგადასახადო შეღავათები და გააუქმოს ის რეგულაციები, რომლებიც ბიზნესს ზღუდავს. ამ გეგმის განხორციელებაში მთავრობას დახმარებასაც სთავაზობენ.

მცირეხნიანი სტაბილურობის შემდეგ, ლარი დღეს კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბოლოდროინდელი დევალვაციის მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი ნეგატიური მოლოდინები დაასახელა, ასევე გზავნილებისა და ტურისტული ნაკადების შემცირება. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან.

ბიზნესსექტორის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

დღის ამბები