20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
"მოუმზადებელი, არაკომპეტენტური და ფორმალური"- ოპოზიცია მთავრობის შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესაჩერებლად მიიღო, ოპოზიცია უარყოფითად აფასებს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმა კონცეპტუალურად არასწორია.  

"არსებითად ვერ გააუმჯობესებს ვერაფერს და კონცეპტუალურად არასწორია. მე მესმის, რომ ამ კონკრეტული სფეროს ხალხისთვის ეს შეიძლება იყოს დროებითი შვება, მაგრამ ფუნდამენტური განსხვავებაა - ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს და მეწარმეებს, რომ ჩვენ გვინდა, რომ დაგიტოვოთ ეს ფული მეტი, მთავრობა ეუბნება, რომ ჩვენ გასესხებთ ამ ფულს და მერე უნდა ჩაგვასესხოთ. ანუ, უნდათ, რომ ისევ მათ შეღავათებზე და მათზე იყოს დამოკიდებული ეს ბიზნესი 4 თვის შემდეგ. ანუ, გადასახადების დაწევაზე და საწვავზე აქციზის დაწევაზე უარს აცხადებენ, რომელიც აისახება ფასებზე,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იმავე აზრზეა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეც. რომან გოცირიძის მოსაზრებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა "მოუმზადებელი, არაკომპეტენტური და ფორმალურია."

"ნაცვლად იმისა, რომ უსარგებლო, ბიუროკრატიული და კორუფციული ხარჯები შეემცირებინათ ბიუჯეტში, პირიქით, ხარჯების მატებასაც კი აპირებენ. მთლიანობაში, ეს არის აბსოლუტურად მოუმზადებელი, არაკომპეტენტური და ფორმალური გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში, არავითარ შეღავათს არ მოუტანს ბიზნესს"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები