19 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
საგანგებო რეჟიმზე გადასული მსოფლიო - პანდემიის გამო შესაძლოა 50 მილიონი სამუშაო ადგილი შემცირდეს

მსოფლიო პანდემიას ებრძვის - კორონავირუსმა უკვე 140 მეტ სახელმწიფოში შეაღწია. ქვეყნები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადიან. შექმნილი ვითარების გამო პრეზიდენტმა ტრამპმა შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით ვირჯინია ერთადერთი შტატია, რომელშიც ვირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა. საგანგებო მდგომარეობის მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაა.

ვირუსთან საბრძოლველად ფედერალური მთავრობა 50 მილიარდ დოლარს გამოყოფს. უახლოეს დღეებში პრევენციის მიზნით კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებს დონალ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტის თქმით გადწყვეტილება მისი და ბრაზილიის პრეზიდენტის შეხვედრას არ უკავშირდება. ფლორიდაში ტრამპისა და ბოლსონაროს შეხვდრის შემდეგ კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანსა და დელეგაციის 2 წევრს დაუდგინდა. თუმცა ტრამპი თვითიზოლაციაზე უარს ამბობს და აცხადებს რომ მას კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ბოლო მონაცემებით შტატებში ვირუსით 2340 ადამიანია დაავადებული, COVID-19-მა უკვე 51 ადამიანი იმსხვერპლა.

"ამერიკას ყველაზე ძლიერი ერი ჰყავს. მომავალ კვირებში მოგვიწევს ცვლილებებს გაუმკლავდეთ. თქვენს მიერ გაღებული ხანმოკლე მსხვერპლით ისევ თქვენ მიიღებთ დიდ სარგებელს. მომავალი კვირები კრიტიკული იქნება. სწორედ ამიტომ ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. სტუდენტურ სესხებზე პროცენტები დროებით გაუქმდება, რადგან უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ნაწილი დახურულია. ვისარგებლებთ ნავთობის გაუფასურებით და შევისყიდით მარაგისთვის," - აღნიშნავს დონალდ ტრამპი. 

კორონავირუსის მიუხედავად, იტალიელები პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ. კარანტინში მყოფი მოქალაქეები ღია ფანჯრებიდან და აივნებიდან ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ და ერთმანეთს ამხნევებენ. ქვეყანაში დაინფიცირების სტატისტიკა ისევ მზარდია. იტალიაში ახალი კორონავირუსით 17 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1266 მიაღწია. იტალიაში ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კვლავ ყველაზე მაღალია.

"ქვეყნაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 230 მეტია, იზრდება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1200 გადასცდა," - აცხადებს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის გენერალური დირექტორი ანჯელო ბორელი.

კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ევროპის ქვეყნებთან ფრენები შეაჩერა უკრაინამ და რუსეთმა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ფრენები ნაწილობრივ შეზღუდა თურქეთმა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა პოლონეთმა, სადაც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. ორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა 2 კვირიან კარანტინს მაინც გაივლიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე.

"7 მარტს ჩემი მეუღლე ანა შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას COVID-19 აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე," - განაცხადა ომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის ეპიცენტრად წოდებული ევროპა, თითქმის მთლიანად საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 800 ადამიანით გაიზარდა და 3661 მიაღწია. განუსაზღვრელი დროით დაიკეტა ეიფელის კოშკი. ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ესპანეთში 5 ათასს, ხოლო გერმანიაში 3 ათასს გადასცდა. დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მეთაურები ორშაბათს საგანგებო თათბირს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავენ. კორონავირუსი დაუდგინდა NATO-ს ყოფილ გენერალური მდივანს. ხავიერ სოლანა ვირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საგანგებო რეჟიმი უკვე მოქმედებს ესპანეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ბულგარეთში.

"ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა. ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. არა მხოლოდ ტესტირება, არა მხოლოდ კონტაქტების მოკვლევა, არა მხოლოდ კარანტინი, ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გააკეთოთ. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს კორონოვირუსის წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ბრძოლისკენ," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

პროდუქტების დეფიციტის შიშია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში ადგილობრივებს საათობით უწევთ სუპერმარკეტების წინ გრძელ რიგში დგომა. დაცარიელებულია მაღაზიების დახლები.

ევროპისგან განსხვავებით დაინფიცირების შემთხვევები იკლებს ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. მხოლოდ ერთ დღეში ირანში 97 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში ქვეყნაში 611 ფატალური და დაინფიცირების 12 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა აფრიკის 18 ქვეყანაშიც. "ეფლმა" პრევენციის მიზნით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ყველა მაღაზია დროებით დახურა. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოში აცხადებენ, რომ მსოფლიოში პანდემიის გამო 50 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირების საფრთხე არსებობს.

დღის ამბები