25 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოებიდან COVID-19-მა ყველა ქვეყანაში შეაღწია 

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი კარანტინში მყოფ ბავშვებს ძილის წინ ზღაპარს უკითხავს.

"მოკლე შესვენება" მშობლებისთვის, რომლებისთვისაც კარანტინი რთული პერიოდია - პრეზიდენტი ამბობს, რომ კარანტინში მშობლებსაც სჭირდებათ განტვირთვა, ამიტომ ის მზად არის მათ ამ ფორმით დაეხმაროს და ბავშვები ცოტა ხნით გაართოს. ისრაელში კარანტინში 109 ათასი ადამიანია. დაინფიცირებულია 1238 პირი.

ესპანეთში კი, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის პოლიციელებმა სიმღერა დაიწყეს. ოფიცრები დაცარიელებულ ქუჩებში იარაღის ნაცვლად გიტარებით ხელში დადიან და სახლების ფანჯრებთან ესპანური ფოლკლორიდან ქალაქურ სიმღერებს ასრულებენ.

ონლაინ კონცერტისთვის ემზადება ესპანური წარმოშობის ცნობილი ტენორიც, პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერის მომღერალი სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ახლა თვითიზოლაციაშია.

ესპანეთში, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპით უკვე იტალიასაც კი ეწევა, ახლა ევროპის მასშტაბით იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარებაა. მომხმარებლები წერენ, ქვეყნის კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ვეღარ აუდიან. ინფიცირებულია 33 ათასი და დაღუპულია 2 ათას 206 პირი. გარდაცვლილთა შორის არის 2 ქართველი ემიგრანტიც.

გერმანიის კანცლერს ბოლო ბრიფინგიდან ზუსტად რამდენიმე წუთში შეატყობინეს, რომ მის პირად ექიმს, რომელთანაც ბოლო დღეებში კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. იზოლაციამდე კი ვრცელდებოდა კადრები, როგორ დადიოდა კანცლერი მაღაზიაში და ყიდულობდა პროდუქტს ნიღბის და ხელთათმანების გარეშე.

100-მდე დაღუპული და 25 000-ზე მეტი ინფიცირებული - ეს გერმანიის ბოლო სტატისტიკაა.

რთული ვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 112 ადამიანი დაიღუპა. დღე-ღამეში 1600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალია ახლა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანა ფაქტობრივად ექიმების გარეშე დარჩა, რადგან ის მედიკოსები, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, თავადვე დაავადდნენ. 5 ათას მედიკოსს ახლა თავად სჭირდება ექიმი. სწორედ ამიტომ იტალია სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს. ინფიცირებულია 60 ათასი ადამიანი. დაღუპულია 5 ათას 400 პირი.

ვირუსი არ ჩერდება. COVID-19-ის გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, ქვეყანა საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდება. რომიდან ვაშინგტონმა წერილი მიიღო. თხოვნაა - ქვეყანაში გაიგზავნოს სუნთქვის აპარატები, ნიღბები, ამერიკელმა სამხედროებმა კი, ქვეყნის ტერიტორიაზე მოაწყონ საველე ჰოსპიტალი და გამოყონ მედპერსონალი. იტალიაში რუსი ექიმები ჩავლენ. უკვე ადგილზე არიან კუბელი მედიკოსები, რომლებიც ლომბარდიის რეგიონში იმუშავებენ.

ევროპას ეწევა ამერიკაც. შეერთებულ შტატებში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ინფიცირებულთა რაოდენობა 35 ათასს გასცდა. ერთ კვირაში დაღუპულია 500-მდე პაციენტი. ინფიცირებულთა შორის 100 პოლიციელია. კორონავირუსი დაუდასტურდა კენტუკის შტატის სენატორს. ყველაზე მეტად ვირუსი 3 შტატშია გავრცელებული. ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში, ტრამპის ბრძანებით, ეროვნული გვარდია პატრულირებას საგანგებო რეჟიმში იწყებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯერ კიდევ გუშინ ვირუსი 188 სახელმწიფოში იყო, დღეს ქვეყნების რაოდენობა უკვე 193-მდე გაიზარდა. პირველი შემთხვევები დაფიქსირდა სირიასა და რამდენიმე საგრაფოში, სადაც ვირუსი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინეს. პარალელურად შემთხვევების რაოდენობა იმატებს ინდოეთში, სადაც საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. ქვეყნის მასშტაბით დღის განმავლობაში 31 გრადუსი ფიქსირდება. ინდოეთში უკვე დაინფიცირებულია 425 ადამიანი. დაღუპულია 8 მოქალაქე.

დღეიდან ქუჩებში გადაადგილება შეიზღუდა საბერძნეთში. კომენდანტის საათი გამოაცხადა საუდის არაბეთმა. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება ჩინეთში. ჰუბეის პროვინციაში მე-5 დღეა შიდა გადაცემის ფაქტები აღარ დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი სულ 39 პირს დაუდგინდა, თუმცა ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

2 თვიანი იზოლაციის შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქუჩებში გამოჩნდნენ მოქალაქეები, ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები და კვების ობიექტები.

დღის ამბები