19 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
კარანტინის მეოთხე დღე - მარნეულსა და ბოლნისში​ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

კარანტინის მეოთხე დღე - ჩაკეტილი მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად რჩება. მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეების თერმოსკრინგი აქტიურად მიმდინარეობს. მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ამბობს, რომ მის მუნიციპალიტეტში სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 3 ათას ადამიანს და პროცესი როგორც დღეს, ისე მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მისივე თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და პროცესში 8 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

"ეტაპობრივად მოდიან ადამიანები, ტარდება ტესტირება და ამ ეტაპისთვის არანაირი კორონავირუსით დადასტურებული ადამიანი არ გვყავს. ჩვენ მაქსიმალურად ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ ხალხი დარჩეს სახლში," - განაცხადა მარნეულის მერმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მესხი ამბობს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  

"ჩვენ დავიწყეთ სპეციალური ტექნიკით დეზინფექციის ჩატარება. ამ ეტაპზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 8 ერთეული ტექნიკა. მოცემული მომენტისთვის დამუშავებულია 8 სოფელი, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ქალაქის და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს," - განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

ორივე მუნიციპალიტეტში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება, შეზღუდულია გადაადგილება. კონტროლი გაამკაცრეს თავდაცვის ძალებმა. გამშვებ პუნქტებზე გააბეს მავთულხლართები, განალაგეს ბეტონის კონსტრუქციები, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები. 

დღის ამბები