19 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას ერთად შევძლებდით, როგორც კავშირი - ევროკომისიის ხელმძღვანელი

ამ დროის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიო რუკაზე ესპანეთმა იტალიას გადაუსწრო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 ათასზე მეტი ადამიანია. დაღუპულთა რიცხვი კი 10 ათასს გასცდა. იტალიაში 115 ათასზე მეტი ინფიცირებული და 13 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

ამ ფონზე ევროკომისია იტალიას კრიზისის დასაძლევად დახმარებას ჰპირდება. ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ვონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი 100 მილიარდ დოლარს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. 

ამასთან, ვონ დერ ლეიენმა გამოცემა "ლა რეპუბლიკასთან" ინტერვიუში იტალიას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ევროპამ სათანადო თანადგომა ვერ გაუწია ქვეყანას.

"უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ერთიანი ევროპული ზომები იყო საჭირო, ბევრი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას ერთად შევძლებდით, როგორც კავშირი. ეს იყო ძალიან საზიანო და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დღეს ევროპა იტალიის გვერდით დგას," - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა. ​

დღის ამბები