18 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლის ეტაპებს გადის - მთავარ იარაღად კვლავ სოციალური დისტანცია რჩება

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ქვეყნების უმეტესობა იძულებულ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრ იზოლაციას მიმართა. დღეს მსოფლიოს ერთი ბრძოლა აერთიანებს. შეზღუდვების დაწესების მიზეზი ყველა ქვეყნის შემთხვევაში ერთია - COVID-19-ის დამარცხება. მიზანი კი, ხალხის უსაფრთხოების დაცვაა.

ეპიდსიტუაციის შეჩერებისა და საზოგადოების მაქსიმალურად დისტანცირების უზრუნველყოფის მიზნით, დიდ ბრიტანეთში აპლიკაციასთან ერთად, ხელისუფლება სხვა კიდევ რამდენიმე საშუალებას მიმართავს. ქვეყანაში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში სამართალდამცავები მოსახლეობას დრონებითაც აკონტროლებს. ბრიტანეთში სახლიდან გასვლა მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი. ხელისუფლება  ვარაუდობს, რომ COVID-19-ის ვაქცინის ან სამკურნალო პრეპარატების შექმნამდე გარკვეული შეზღუდვები ვერ მოიხსნება. ამ პროცესმა კი შეიძლება 1 წელს გასტანოს.

დრონს იყენებენ ისრაელშიც. მკაცრ საკარანტინო წესებს ხელისუფლება უკვე მეორე კვირაა, მობილური აპლიკაციის დახმარებით აკონტროლებს. ადგილობრივი სამართალდამცველები კი, საზოგადოებრივი დისტანციის წესების სრული დაცვის მიზნით, ქალაქებში საფრენ აპარატებსაც იყენებენ.

საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სახლიდან გასვლა მკაცრად კონტროლდება გერმანიაშიც. ადგილობრივი მთავრობის მხრიდან COVID-19 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე გამოწვევად შეფასდა. საფრთხის გამო კი, მაქსიმალური დისციპლინა დაწესდა. სოციალურმა დისტანცირებამ, ღონისძიების აკრძალვამ და საზოგადოებრივმა პასუხისმგებლობამ, ინფიცირებისგან უამრავი გერმანელი იხსნა.

მკაცრი საკარნატინო ზომები მიიღეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. 11 მაისამდე გაგრძელდა გამკაცრებული შეზღუდვები საფრანგეთშიც, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, იზოლაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღია, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანას გააჩნია. საგანგებო მდგომარეობის იგივე პერიოდამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი, ესპანეთის პარლამენტმა. სახელმწიფო ბრძანებულება შეეხო ყველას. ესპანეთში ბიზნეს საქმიანობასა და კომენდანტის საათთან ერთად, მკაცრი შეზღუდვაა დაწესებული ავტომობილით გადაადგილებაზეც.

კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე მეტი ადამიანური დანაკარგის მქონე ქვეყანამ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ მკაცრ ზომებს, კიდევ ერთი დაემატა. დონალდ ტრამპი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, მწვანე ბარათის მოპოვების მსურველებისთვის იმიგრაციის 60 დღიანი აკრძალვა დაწესდა.

მსოფლიოში პანდემიის საშიშროების გადავლის შემდეგ, ყველა ქვეყანა ეტაპობრივად მოხსნის შეზღუდვებს, საკარანტინო წესებსა და გააუქმებს კომენდანტის საათს. ფრენების აღდგენის პროცესზე უკვე იმსჯელა ევროკომისიამ და დაადგინა, რომ ვირუსის დამარცხებამდე სოციალური დისტანცირება ავიაკომპანიებმა თვითმფრინავში მგზავრების განთავსების დროსაც უნდა გაითვალისწინონ.

ფრენების აღდგენის შემდეგ კი, აუცილებელი იქნება დისტანცირების პრაქტიკის შენარჩუნება. სავალდებულო გახდება ასევე პირბადის ტარება, აეროპორტებისა და თვითმფრინავების რეგულარული დეზინფექცია.

დღის ამბები