25 აპრილი 2024,   01:27
ვრცლად
მსოფლიოში COVID ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება - მზარდი სტატისტიკა და სახელმწიფოები, რომლებიც მკაცრ ზომებს აუქმებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სკანდალური განაცხადების შემდეგ, დღეს, თავის მართლება მოუწია. დონალდ ტრამპმა სადეზინფექციო ხსნარებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სარკაზმად შეაფასა. პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მკურნალობის შესახებ მან მხოლოდ შეკითხვა დასვა. შეერთებული შტატები ისევ წითელ ზონად რჩება. კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი მილიონს უახლოვდება, თუმცა მცირდება ფატალური შემთხვევების რაოდენობა.

მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სახელმწიფოების ნაწილი ზომების შემსუბუქებას იწყებს. მათ შორისაა საბერძნეთი, ისრაელი და ბელგია. ქვეყნების უმეტესობა მკაცრ ზომებზე უარს 4 მაისიდან იტყვის. თვის ბოლოდან საბერძნეთი და ისრაელი სილამაზის სალონებსა და მცირე ზომის მაღაზიებს გახსნის. ბელგიაში კი სასწავლო პროცესი განახლდება. მთავრობის გადაწყვეტილებით კლასში 10 ზე მეტ მოსწავლე არ დაიშვება.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ზომების შემსუბუქება დაიწყეს, ქვეყნის პოლიცია იმ მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს აწარმოებს, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ნებართვა და კარანტინის პირობებში გარეთ მაინც გადიან. სამართალდამცველები დღის განმავლობაში შემოწმების მიზნით აჩერებდენ ავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებს, კანონდამრღვევ მოქალაქეებს კი აჯარიმებდნენ.

კორონავირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდ ბრიტანეთს , სადაც ამ დროისთვის თითქმის 144-ი ათასი ინფიცირებულია. ბრიტანელ მედიკოსებს რომლებიც უწყვეტი სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობენ და ვერ ახერხებენ საკვები პროდუქტების შეძენას, რობოტოები მოემსახურებიან.

უკვე ზედიზედ მესამე დღეა რაც ბელორუსი ინფიცირების შემთხვევათა მატების რეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 817 შემთხვევა გამოვლინდა. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კორონავირუსს ღვთის სასჯელად მიიჩნევს, რომელიც მან კაცობრიობას არასწორი ცხოვრების წესის გამო მოუვლინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ მტკიცებულება იმის შესახებ თითქოს ვირუსისგან გამოჯანმრთელება, იმუნიტეტს ქმნის არ არსებობს. ჯანმოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია COVID-19-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წინააღმდეგია. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ზოგიერთმა სახელმწიფომ კარანტინის პირობებში ჯანმოს, მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობისთვის ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატის გადაცემა სთხოვა.

დღის ამბები