05 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
კამათი თბილისის საკრებულოში თბილისის მეტროში მიმდინარე სამუშაოების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა

კამათი თბილისის საკრებულოში - სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ირაკლი ნადირაძესა და ირაკლი ზარქუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის მეტროში მიმდინარე სამუშაოების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოცდილების არ მქონე კომპანიები ატარებენ. მათ შორის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

"წარმოუდგენელ რაღაცეებზე მიდის "ქართული ოცნება" ფულის კეთების გამო. მეტრო, რომელიც არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, რომელსაც ყოველდღიურად ლამის ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს, ვხედავთ, რომ ქვეკონტრაქტორებად და შემსრულებლად აიყვანეს კომპანიები, რომლებიც არიან რამდენიმე თვის დაფუძნებულები და რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ მეტროს მიმართულებით.

მათ დამფუძნებლებს დარწმუნებული ვარ, რომ სახლში ნათურაც არ შეუცვლიათ. რატომ მისცეს ამ კომპანიებს ეს მილიონები? იმიტომ, რომ ისინი არიან კახი კალაძესთან და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები, შემომწირველები, მისი ძმაკაცები, ნათლი-მირონები. ეს არის ყოფილი მინისტრი ხეჩიკაშვილი ტარიელი, ეს არის ბატონი ენუქიძე "ქართული ოცნების" დეპუტატი და ყველაფერი გასაგებია," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ირაკლი ზარქუას განმარტებით, მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია და აღნიშნული ტენდერი იმ კრიტერიუმებით გამოცხადდა, რაც აზიის განვითარების ბანკმა სახელმწიფოს დაუწესა. აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი გამოყო.

"არ იციან რა თემები წამოწიონ და ახლა სისულელეებზე ცდილობენ, რომ აქ გვალაპარაკონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გამოყოფილი იყო აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 15 მილიონი დოლარი; მნიშვნელოვანია ის, რომ მეტროს რეაბილიტაცია ხდება; მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდერი გამოცხადდა სწორედ იმ კრიტერიუმებით, რაც აზიის განვითარების ბანკმა დაუწესა სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდს, სადაც გაიმარჯვა გამოცდილმა თურქულმა კომპანიამ, ხოლო თურქული კომპანიის არჩევანია ვის შეარჩევს ქვემოიჯარე," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები