23 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4,5 მილიონს გასცდა - სახელმწიფოები შეზღუდვების შემსუბუქებას და საზღვრების გახსნას იწყებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 4,5 მილიონს გასცდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები ზომების ეტაპობრივად შემსუბუქებას და საზღვრების გახსნას განაგრძობენ. მათ შორისაა გერმანია და ლუქსემბურგი. ამ სახელმწიფოების მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე მიმოსვლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების დინამიკა არ გაიზრდება, გერმანია საზღვრების გახსნას საფრანგეთთან, ავსტრიასთან, ჰოლანდიასთან და შვეიცარიასთანაც აანონსებს.

საზღვრებს ხსნის იტალიაც, რომელიც პანდემიის გამო საწყის ეტაპზე "წითელ ზონად" გამოცხადდა. 3 ივნისიდან მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილება შეეძლებათ ქვეყნის შიგნითაც. 2 თვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ ორშაბათს იტალიაში სილამაზის სალონები, მაღაზიები და რესტორნებიც გაიხსნება.

საკუთარი მოქალქეებისთვის 500-ზე მეტი სანაპირო გახსნა საბერძნეთმაც. ქვეყანაში პანდემიის გამო სანაპიროებზე ყოფნისას მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვება. ახალი წესების თანახმად 1000 კვადრატულ მეტრზე ერთდროულად მხოლოდ 40 ადამიანის ყოფნაა დაშვებული. საბერძნეთში კორონავირუსის 2,800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 160 გარდაცვლილია.

ევროპის ქვეყნების მსგავსად ეკონომიკის სტიმულირებას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებიც. წარმომადგენელთა პალატამ პანდემიის ზიანის შესამსუბუქებლად დახმარების 3 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ტესტებისთვის თანხის გამოყოფას, ასევე ამერიკელებისთვის ფულად კომპენსაციასა და მედპერსონალის დახმარებას მოიცავს. ინიციატივა ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს შტატების ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური დახმარების პაკეტი იქნება.

ეკონომიკის სტიმულირების გარდა შეერთებული შტატები ვაქცინაზე მუშაობასაც აგრძელებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანას წლის ბოლომდე ექნება. დღეს გამართულ ბრიფინგზე შტატების პრეზიდენტმა ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამაც წარადგინა.

კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება გრძელდება ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში. მთავრობამ 11 მილიონი ადამიანის გამოკვლევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალაქში დაავადების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ახალი კლასტერი გამოიკვეთა. მასობრივი ტესტირების მიზანი ვირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან აცილებაა.

კორონავირუსის შემთხვევებით უკვე ჩინეთს გადაასწრო ინდოეთმა. ქვეყანაში თითქმის 86 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აღწევს. ინდოეთში საყოველთაო კარანტინი კვლავ ძალაშია.

დღის ამბები